English / ქართული / русский /
გივი ბედიანაშვილი
საზოგადოებრივი სექტორი კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში

ანოტაცია. ნაშრომში გადმოცემულია კოვიდ-19-ის პანდემიის სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევები და მისი დაძლევის გზები მსოფლიოში და საქართველოში. განხილლია საზოგადოებრივი სექტორის გაზრდილი როლი და მისი ცალკეული ფუნქციების მნიშვნელობა, როგორიცაა მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა, მოსახლეობის და ბიზნესის მხარდაჭერა, ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანი მუშაობის სტიმულირება. აღნიშნულია, რომ პანდემიამ აქტუალური გახადა საზოგადოებრივი სექტორისათვის გამოწვევებზე და შესაბამის პრობლემების გადაჭრაზე მიმართული პოლიტიკის ფორმირება და რეალიზაცია. ეს პოლიტიკა, შესაბამისი ინსტიტუციური ფაქტორების ჩართულობით, ხელს უნდა უწყობდეს საზოგადოების გრძელვადიან მდგრადობას.

საკვანძო სიტყვები: კოვიდ-19-ის პანდემიის სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევები, საზოგადოებრივი სექტორის ფუნქციები, საზოგადოების გრძელვადიანი მდგრადობა 

კოვიდ-19-ის პანდემია წარმოადგენს ურთულეს გამოწვევას მსოფლიოს ყველა ქვეყნის მთავრობისათვის. აღსანიშნავია, რომ პრობლემები წარმოიქმნება შესაბამისი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური სისტემის (Bedianashvili, 1995) ყველა სფეროში და მოითხოვს  სახელმწიფოს აქტიურ ქმედებას, რაც განსაკუთრებულ როლს ანიჭებს საზოგადოებრივ (სახელმწიფო) სექტორს და მის რიგ ფუნქციებს. აქ გამოიკვეთება, პირველ რიგში, მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა, მოსახლეობის და ბიზნესის მხარდაჭერა, ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანი მუშაობის სტიმულირება. ცხადია, რომ პანდემიამდე არსებულ სიტუაციაში სახელმწიფოს უხდებოდა ყურადღების გამახვილება სხვა სახის პრობლემების და ამოცანების გადაჭრის მიმართ, როგორიცაა ეკონომიკრი ზრდა, კერძო სექტორის განვითარება, ეკონომიკაში ინოვაციური ფაქტორის გამოყენება და სხვ.

პანდემიამ აქტუალური  გახადა სახელმწიფო სექტორისათვის გამოწვევებზე და შესაბამის პრობლემების გადაჭრაზე მიმართული პოლიტიკის ფორმირება და რეალიზაცია. შესაბამისად სახელმწიფო სექტორი მოწოდებული და პასუხისმგებელი უნდა იყოს საზოგადოების  გრძელვადიან მდგრადობაზე ორიენტირებულ აქტიურ პოლიტიკაზე  ინსტიტუციური ფაქტორების ჩართულობით.

პანდიმიამ მკაფიოდ აჩვენა, რომ მთავრობებისათვის გადამყვეტი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო სექტორის პოტენციალს და შესაძლებობებს წარმატებით გაართვას თავი როგორც კრიზისის პერიოდის პრობლემებს, ისე პოსტრიზისული აღდგენის ამოცანებს (Bedianashvili, 2021; Mazzucato&Kattel, 2020). მნიშვნელოვანია ისეთი უნარები, როგორიცაა განუზღვრელობის პირობებში ადაპტაცია და სწავლა, საზოგადოებრივი მომსახურებისა და ადამიანების მოთხოვნილებების შეთანაწყობა, მდგრადი წარმოების უზრუნველყოფა,  ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება და დიდი მონაცემების მართვა.

საჯარო სექტორის შესაძლებლობები (პოტენციალი)  ჩვეულებრივ განისაზღვრება როგორც საკუთრივ უნარ-ჩვევების და რესურსების ერთობლიობა, რაც აუცილებელია პოლიტიკის ფუნქციების შესასრულებლად, სახელმწიფო მომსახურების გაწევიდან პოლიტიკის შემუშავებამდე და განხორციელებამდე (Wu et al., 2018).

კოვიდ-19-ის პანდემია, როგორც გლობალური პრობლემა და გარკვეული აზრით ტესტია მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებისთვის მინიმალური დანაკარგებით საზოგადოების კრიზისიდან გამოყვანის კონტექსტით (Papava, 2021). კორონომიკული კრიზისი, როგორც გვიჩვენებს უკვე განვლილი პირველი (Abesadze, 2020) და მეორე წელი,  განსხვავებული ზომით შეეხო ცალკეულ ქვეყანას. ეს მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო განუზღვრელობის პირობებში ეკონომიკური საქმიანობის მოსალოდნელი დინამიკის განჭვრეტის და ეფექტიანი რეგულირების მიმართებით ქვეყნების განსხვავებული შესაძლებლობებით. განსაკუთრებული მდგრადობით გამოირჩეოდნენ, მაგალითად გერმანია, სამხრეთ კორეა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები. აქ არსებითი აღმოჩნდა კერძო სექტორთან სახელმწიფოს ურთიერთობის ეფექტიანი აწყობილი მექანიმები, ასევე ვირუსის გავრცელების მკაცრი მონიტორინგიის სისტემების არსებობა და სოციალური დისტანციის დაცვის წესების სავალდებულო შესრულების მაღალი დონე.

აღსანიშნავია, რომ გლობალურმა კორონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია ექსპორტის მოცულობების შემცირება და ტურიზმისაგან მოსალოდნელი შემოსავლების მკვეთრი ვარდნა, რაც აისახა როგორც ქვეყნების საგარეო, ისე მთლიანად სახელმწიფო ვალის მდგომარეობაზე (სახელმწიფო ვალის შესახებ, იხ., მაგალითად: Papava & Charaia, 2021; Charaia & Papava, 2021; Sokol & Pataccini, 2020). სახელმწიფო ვალის დინამიკაში წინა წლების განმავლობაში შეინიშნება ზოგადი ზრდის ტენდენცია, რაც შესამჩნევად დაჩქარდა კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში და აღნიშნული ტრენდი სავარაუდოდ შენარჩუნდება საპროგნოზო წლებშიც (იხ. ნახ.1).

გასათვალისწინებელია, რომ პანდემიით გამოწვეული ფინანსური შოკები გამოირჩევა ყოველი ცალკეული ქვეყნისთვის განსაკუთრებული სიმწვავით და წარმოადგენს შესაბამისი მთავრობისთვის შესაძლო ზარალის შემცირების პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს. ამ მიმართებით მნიშვნელოვანი ადგილი მიეკუთვნება სწორ კორონომიკულ საგადასახადო რეგულაციებს (Bedianashvili & Begiashvili, 2021).

               

(a)

 

(b)

 

(c)

ნახ. 1. მთლიან სამამულო პროდუქტში (Papava & Silagadze, 2019) სახელმწიფო ვალის წილის (%) დინამიკა ევროკავშირში (a), ესტონეთში (b) და საქართველოში (c).                                                        წყარო: https://tradingeconomics.com/

პანდემიური კრიზისის პირობებში ნებისმიერი ქვეყნის საზოგადოებრივი სექტორის ფუნქციონირების ეფექტიანობის უზრუნველყოფის კონტექსტში მნიშვნელოვანია უშუალოდ ჯანდაცვის სისტემის შეუფერხებელი და წინმსწრები მოქმედებების კონკრეტულ პრობლემებზე მორგებული აქტიურობების წინასწარი მომზადება და თავისდროული პრაქტიკული რეალიზაციის უზრუნველყოფა (საქართველოში ჯანდაცვაში არსებული პრობლემების და მათი გადაჭრის შესაძლო გზების შესახებ იხ., მაგალითად: Verulava & Jorbenadze, 2021).

ამრიგად, პანდემიამ მკაფიოდ გამოყო ის კრიტიკული სფეროები და ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც მოითხოვს სახელმწიფოს განსაკუთრებულ ყურადღებას, კერძოდ, განუზღვრელობის პირობებში უწყვეტი საპროგნოზო საქმიანობა, ადაპტირება და სწარაფი სწავლა, კერძო სექტორის მდგრადი ფუნქციონირების ხელშეწყობა, ციფრული ტექნოლოგიების გამოყება.

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. Abesadze, R. (2020). Economic, Social and Humanitarian Aspects of the Pandemic in the World and in Georgia. Proceedings of Materials of International Scientific Conference Dedicated to the 115th Birth Anniversary of Academician Paata Gugushvili: Modern Economy, Economic Science and Pandemic Problems of Economy: The Challenges and Ways of Finding Solution, 12-23 (In Georgian).
  2. Bedianashvili, G. (1995). State, Power Structure and Socio-Economic Reform of Society. Tbilisi, Metsniereba.
  3. Bedianashvili, G. (2021). Macroeconomic and Cultural Determinants of the COVID-19 Pandemic Crisis. Bulletin of the Georgian National Academy of Sciences 15(2),191-197.
  4. Bedianashvili, G., Begiashvili, R. (2021). Global Challenges for the Tax System During the Pandemic and the Response of The Georgian Tax Administration to Covid-19. The materials of the International Scientific Conference: Social Sciences for Regional Development 2020. Part I. Daugavpils University, 5-18.
  5. Charaia, V., Papava, V. (2021). Public Debt Increase Challenge under COVID-19 Pandemic Economic Crisis in the Caucasian Countries. Journal of Contemporary Issues in Business and Government Vol. 27, No. 3, 18-27.     DOI: 10.47750/cibg.2021.27.03.003
  6. Martínez-Córdoba, PJ., Benito, B. & García-Sánchez, IM. (2021). Efficiency in the governance of the Covid-19 pandemic: political and territorial factors. Global Health. 17(113) (2021). DOI: 10.1186/s12992-021-00759-4
  7. Mazzucato, M., and Kattel, R. (2020). COVID-19 and public-sector capacity. Oxford Review of Economic Policy, 36(S1), S256-S269
  8. Papava, V., Silagadze, A. (2019). How the Term the “Gross Domestic Product” should be Translated into Georgian. Globalization and Business. 7, 203-204 (In Georgian).  DOI:10.35945/gb.2019.07.025
  9. Papava, V., Charaia, V. (2021). The Problem of the Growth of Georgia’s Public Debt during the Economic Crisis under the Covid-19 Pandemic. GFSIS Expert Opinion, No. 152. Tbilisi, Georgian Foundation for Strategic and International Studies. DOI: 10.13140/RG.2.2.10091.57120
  10. Papava, V. (2021, October 7). On the Correlation Between Pandexit and Crisexit – OpEd.    Eurasia Review. https://www.eurasiareview.com/07102021-on-the-correlation-between-pandexit-and-crisexit-oped/
  11. Sokol, M. & Pataccini, L. (2020). Winners and Losers in Coronavirus Times: Financialisation, Financial Chains and Emerging Economic Geographies of the Covid‐19 Pandemic. Tijdschrift voor Economische en Sociale Geografie. 111(3), 401-415. DOI:10.1111/tesg.12433
  12. Verulava, T., Jorbenadze, A. (2021). Context and Issues of Social Health Insurance Introduction in Georgia. Archives of the Balkan Medical Union. 56 (3), 349-357.
  13. Wu, X., Holwett, M., and Ramesh, M. (2018), ‘Policy Capacity: Conceptual Framework and Essential Components’, in X. Wu, M. Holwett, and M. Ramesh (eds), Policy Capacity and Governance: Assessing Governmental Competences and Capabilities in Theory and Practice, Basingstoke, Palgrave Macmillan, 1–25.